
ალექსი მიქელაშვილი მეუღლესთან ერთად...
ეს ქალბატონი ნაკაშიძის ქალია, დაზუსტებით ჯერჯერობით ვერ გეტყვით, იგი ექვთიმე თაყაიშვილის დედის, უმცროსი დაა თუ ძმიშვილი...
ილია და მალაქია მიქელაშვილები მამასთან ერთად...
ფოტო მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ბათუმშია გადაღებული– მოგვაწოდა ლუარსაბ ტოგონიძემ...
მარჯვნივ კუთხეში ზის, ალექსი მიქელაშვილი, (დახვრიტეს 1924 წელს)
ალექსის დახვრეტა ვახსენე და... მოკლედ მოგიყვებით. დახვრეტა უნდა მომხვდარიყო ვაგონებშივე, როცა მატარებელი გაჩერდა (ოზურგეთი, მერიის სკოლის წინ...) ხალხმა ვაგონები გამოამტვრიეს და გაიფანტნენ, ალექსი დამხვრეტებისკენ წასულა პირდაპირ, თორმეტნი იყვნენ და თორმეტივეს ალექსის ნაყიდი შარვალკოსტუმი ეცვათ... ბოლო სიტყვაო უთხრეს ალექსის და ხელის კანკალით დაუმიზნეს მთელი ვაგონისათვის განკუთვნილი ტყვიამფრქვევი! - ტაში დამიკარითო ხელები გაშალა ალექსიმ... დაუკრეს ტაში !!! მასთან ერთად ოთხნი იდგნენ კიდევ , მაგრამ სხვებიც ბრუნდებოდნენ და საპატიო კედელთან დგებოდნენ დასახვრეტად...
– – –
ფოტო მოგვაწოდა ლუარსაბ ტოგონიძემ, ჩანაწერიც მას ეკუთვნის...
ეს ისტორიული ფოტო 1921 წლის თებერვლის ანექსიიდან შვიდ თვეში, გელათშია გადაღებული. საქართველოს მენშევიკური მთავრობა უკვე საფრანგეთშია – ემიგრაციაში, აქა-იქ სულ უფრო იშვიათად ისმის სროლის ხმა – ეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმია, რომელიც საქართველოს გასაბჭოებას ვერ ეგუება. ვერ ეგუება დამოუკიდებლობის დაკარგვას ვერც ქართული ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესია. თბილისში წითელი დროშა ფრიალებს... ბოლშევიკი სერგო ორჯონიკიძე კი სისხლიან ახალ რეპრესიებს იწყებს.
სამღვდელო კრებული თბილისს გამოერიდა და გელათში შეიკრიბა არჩევანის გასაკეთებლად. საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსულან სასულიერო პირები, შემდგომ აღმოჩნდება, რომ ეს მათი უკანასკნელი დიდი თავყრილობაა, შესაბამისად, მათი ფოტოც უკანასკნელია - ერთად გადაღებული.
პატრიარქი უნდა აირჩიონ. საბჭოთა საქართველოს პერიოდის პირველი კათოლიკოს პატრიარქი. კრებულმა იცის, კომუნისტები სამღვდელოებას დევნიან, ქრისტიანობას კრძალავენ, ეკლესიებს ანგრევენ, ადამიანებს ხვრეტენ, სისხლის გუბეებს აყენებენ ... ერთმანეთს არ უზიარებენ ამ რეალობას, ყველა გრძნობს, სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია საბჭოთა საქართველოს პერიოდში პატრიარქად კურთხევა.
არადა, არჩევანი გასაკეთებელია, ქართველ ერს მლოცველი მამა, ხოლო სამოციქულო ეკლესიას საჭეთმპყრობელი სჭირდება, კათოლიკოს პატრიარქი ლეონიდე ახალი გარდაცვლილია ... ახალი პატრიარქის კურთხევაა აუცილებელი.
ორი ღირსეული მღვდელმთავარია პატრიარქობის კანდიდატი – ცხუმ - აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია) და ქუთათელ-გაენათელი ნაზარი (ლეჟავა). კრება პირველ მათგანს - ამბროსი ხელაიას გამოარჩევს პატრიარქად, ერთი თვის შემდეგ მისი ინტრონიზაციის ცერემონიაც შედგება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში... ეს ის ამბროსია, რომელიც კომუნისტებს მიმართავს შემდგომ: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული სამშობლოს, ხორცი კი თქვენთვის მომიგდია საძიძგნად“ . . . ეს ის სიტყვებია, უკვე 80-იანი წლების ბოლოს დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარი თანამედროვეობა სულგანაბული რომ კითხულობს.
იმავე კრებაზე სასულიერო აკადემიის დაარსებაზეც იმსჯელებენ და ეს მაშინ, როცა სასულიერო განათლება კომუნისტებმა უკვე აკრძალეს და ქრისტიანობის სახალხოდ მქადაგებელი ადგილზე იხვრიტება.
ფოტოზე მეორე რიგში ცენტრში სხედან კათოლიკოს პატრიარქობის კანდიდატები მარცხნივ ცხუმ - აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი ხელაია (ამ კრებამ იგი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად აირჩია, ნაწამები აღესრულა 1927 წელს); მარჯვნივ კვერთხით - ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა (დახვრიტეს 1924 წელს სამღვდელო კრებულთან ერთად საგანგებო სამეულის გადაწყვეტილებით)
ფოტოზე ამბროსი ხელაიასგან მარცხნივ - ალავერდელი – ეპისკოპოსი პიროსი ოქროპირიძე. მოკლეს თელავში 1922 წელს, რადგან ალავერდის საგანძურის კომუნისტებისთვის გადაცემის აქტს ხელი არ მოაწერა.
მისგან მარცხნივ - დეკანოზი და ცნობილი პუბლიცისტი მარკოზ ტყემალაძე, გარდაიცვალა 1936 წელს, დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში. მარკოზისგან მარცხნივ - არქიმანდრიტი ნესტორ ყუბანეიშვილი, შემდგომში წილკნელი მთავარეპისკოპოსი, გარდაიცვალა 1938 წელს. ნესტორისგან ორის გამოკლებით მარცხნივ - არქიმანდრიტი იოანე მარგიშვილი, შემდგომში ბოდბელი მიტროპოლიტი, გარდაიცვალა 1929 წელს. მარგიშვილის ზურგს უკან, დგას დიმიტრი ლაზარიშვილი შემდგომში ნინოწმინდელი მთავარეპისკოპოსი, გარდაიცვალა 1947 წელს, დაკრძალულია ქაშვეთის ტაძარში. ნაზარისაგან მარჯვნივ - ურბნელი ეპისკოპოსი დავით კაჭახიძე, გარდაიცვალა 1935 წელს. დავითისგან მარჯვნივ - დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, გარდაიცვალა 1952 წელს. კალისტრატე ცინცაძის ზედა რიგში, ნაცრისფერ ანაფორაში – დეკანოზი მათე გორდეზიანი. მისგან ზედა რიგში თეთრ ანაფორაში მისი ძმა. მისგან ზემოთ და მარცხნივ - ახალგაზრდა ყმაწვილი კაცი - გრიგოლ ფერაძე შემდგომში მღვდელ-მონაზონი და მღვდელ-მოწამედ შერაცხული. ეს მისი უკანასკნელი ფოტოა საქართველოში, რამდენიმე კვირაში დატოვებს საქართველოს და, სწორედ ამ კრების გადაწყვეტილებით, გერმანიაში გაემგზავრება სასწავლებლად. 1942 წელს მოწამეობრივად აღესრულება ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. ეპისკოპოს პიროსის ზედა რიგში თეთრ სამოსში ცნობილი პუბლიცისტი რაფაელ ივანიცკი - ინგილო, შემდგომში ემიგრაციაში მღვდელ-მონაზონი. ივანიცკისგან მარცხნივ – დეკანოზი ქრისტეფორე ციცქიშვილი, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, გარდაიცვალა 1932 წელს.
ზედა რიგში, მარცხნიდან მეოთხე - საჩხერის ეკლესიის დიაკვანი ვასილ ტყემალაძე, მის შემდეგ, ანუ მარცხნიდან მეხუთე – საჩხერის ეკლესიის წინამძღვარი, ვასილის ძმა, ლუკა ტყემალაძე. ძმები 1924 წელს დააპატიმრეს და დასახვრეტთა ვაგონიდან შემთხვევითობის წყალობით დააღწიეს თავი.
ფოტოზე აგრეთვე არიან:
ფოტოზე უკიდურესად მარცხნიდან მეორე (მესამე რიგში) - მღვდელ-მონაზონი გერმოგენი აბაშიძე, დავით გარეჯელის მადლის ქვის გადამრჩენელი - დახვრიტეს 1937 წელს.
მარტვილელი დეკანოზი გიორგი გეგეჭკორი, ბაბუა მსახიობ გიორგი გეგეჭკორისა, დეკანოზი იოსებ წერეთელი, მღვდელი ფილიმონ ცინცაძე, ამბროსი ახობაძე, შემდგომში პროტოდიაკონი, მამასთან ერთად და სხვები, ფოტოზე აღბეჭდილთა უმრავლესობა ჯერ კიდევ ამოსაცნობია, თუ ამოიცანით თქვენი ოჯახის წევრი, წინაპარი, გთხოვთ, გვაცნობოთ.
ეს უნიკალური ფოტო ქვეყნდება პირველად. დედანი ინახება მერაბ ტაბლიაშვილის ოჯახში, მისი მეუღლე მარინა ტყემალაძე-ტაბლიაშვილი არის ნახსენები ვასილ და ლუკა ტყემალაძეების შთამომავალი.
ფოტოზე აღბეჭდილთა უმრავლესობის ვინაობა დღემდე დაუდგენელია. გამორიცხული არ არის, ამოიცნოთ ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი . . .
ფოტო აღმოაჩინა ოლიკო მიქელაშვილმა
გადაღებულია 1927 წელს ფერეიდანში - კოლამაჰომეინ მიქელაშვილი და ამბაკო ჭელიძე
სამწუხაროდ მიქელაშვილზე ამჯერად ინფორმაცია არ მოგვეპოვება, ხოლო ამბაკო ჭელიძე 1923 წლიდან მაშინდელი მთავრობის დავალებით ირანში გაემგზავრა , საბჭოთა ბანკის გასახსმელად... 1927 წელს კი ფერეიდანი მოუნახულებია, მას თან ახლდა მეუღლე სარა ჭელიძე, ერთი ფოტოგრაფი და მძღოლი...
Комментариев нет:
Отправить комментарий